აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, Cornerstone Government Affairs-ის გასული ექვსი თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023-თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
„„კორნერსტოუნის“ ჯგუფმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პირები, რომლებთანაც „კორნერსტოუნის“ ჯგუფის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ. მათ შორის არიან აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლები, მრჩევლები, ასისტენტები, სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრების გამართვისა თუ გაგზავნილი ელექტრონული წერილების მიზნად ძირითადად დასახელებულია „საქართველოს შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“ და „განახლებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოსა და აშშ-ის ურთირთობების შესახებ“.
ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ისეთი ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებთან, როგორებიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, ბრუკინგსი, ჰადსონის ინსტიტუტი, მაკკეინის ინსტიტუტი, ჰერითიჯის ფონდი და ა.შ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას უკავშირდება.
ამასთან, 2023 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.