აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 420 ათას დოლარად ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ი დაიქირავა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ი დარეგისტრირდა, როგორც ამას უცხოური გავლენის რეგისტრაციის აქტი (FARA) მოითხოვს.
FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და Cornerstone-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, Cornerstone-ი უზრუნველყოფს კონსულტაციებს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ აშშ-ში საკომუნიკაციო პროგრამის შემუშავებასა და მართვასთან.
„პროგრამის მიზანი იქნება საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაცვის ადვოკატირება. კომპანია ჩაერთვება აქტივობებში „ფორმულას“ სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ, რამდენადაც ეს ეხება საქართველოში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მოპყრობას. ეს მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ურთიერთობებს მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საზოგადოებრივი პოლიტიკისა და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, დარგის ექსპერტებთან და აკადემიურ წრეებთან. ეს მიიღწევა მუდმივი კონსულტაციებით, შეხვედრების დაგეგმვით, ბრიფინგებითა და კლიენტებისთვის საინფორმაციო მასალების შემუშავება/შედგენით, რომელიც, შესაძლოა, მოიცავდეს პრესრელიზებს, ინერნეტკონტენტს, ელექტრონულ წერილებსა და კორესპონდენციას“, – ნათქვამია სარეგისტრაციო განცხადებაში.
აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ტელეკომპანია „ფორმულა“, Cornerstone-ს, საერთო ჯამში, 420 ათასი დოლარის ოდენობით ანაზღაურებას გადაუხდის, რომელიც ოთხი ტრანშის სახით განხორციელდება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს.