აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი - FBI-ს არ ჰქონდა მტკიცებულებები 2016 წლის არჩევნების დროს დონალდ ტრამპის შტაბისა და რუსეთის კავშირებზე გამოძიების დასაწყებად
FBI-ს (გამოძიების ფედერალურ ბიუროს) არ ჰქონდა მტკიცებულებები 2016 წლის არჩევნების დროს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბისა და რუსეთის კავშირების შესახებ გამოძიების დასაწყებად, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორის, ჯონ დარემის ანგარიშში.
306-გვერდიან მოხსენებაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წელს დანიშნული დარემი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოიყენა „დაუმუშავებელი, გაუანალიზებელი და დაუდასტურებელი სადაზვერვო მონაცემები“ ტრამპისა და რუსეთის კავშირების შესახებ გამოძიების დასაწყებად. სპეციალური პროკურორის დასკვნით, გამოძიების დაწყებამდე FBI-ს არ ჰქონდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის შეთქმულების მტკიცებულებები.
სპეციალური პროკურორი დოკუმენტში აკრიტიკებს FBI-ს ქმედებებს, თუმცა, ამავე დროს, მას არ გაუცია ვინმეს წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაცია.
ანგარიშში დარემი ასევე აღნიშნავს ტრამპის საქმესა და სხვა სენსიტიურ გამოძიებებს შორის განსხვავებას. მისი ცნობით, ტრამპისგან განსხვავებით, FBI კლინტონსა და სხვა პირებს, დაცვის მიზნით, აწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო უცხოური ძალების მავნებლური საქმიანობის სამიზნე. დონალდ ტრამპისთვის კი უწყება მსგავს ბრიფინგებს არ ატარებდა.
„იუსტიცის სამინისტრომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვერ შეასრულეს კანონის დაცვის მნიშვნელოვანი მისია“, – ნათქვამია ანგარიშში.
დარემის მოხსენებას უკვე გამოეხმაურა გამოძიების ფედერალური ბიურო. უწყების განცხადებით, უკვე განხორციელდა ათობით მაკორექტირებელი ზომა.
„ეს რეფორმები 2016 წელს რომ განხორციელებულიყო, ანგარიშში გამოვლენილი დარღვევების აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა“, – აცხადებენ ბიუროში.
დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის რუსეთთან შესაძლო შეთქმულების საქმის გამოძიება FBI-მ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. მოგვიანებით, საქმე გამოძიების სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს გადაეცა. 2018 წლის გაზაფხულზე მან გამოძიება დაასრულა და დაასკვნა, რომ დონალდ ტრამპის ან მისი შტაბის რუსეთთან შეთქმულების მტკიცებულებები არ არსებობს.