აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნულია პიარ მედიაკომპანია Cision PR Newswire-ის საქმიანობის შესახებაც.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ მედიაკომპანიას ევალებოდა, გაევრცელებინა პრესრელიზები კონკრეტული შინაარსით, რომლის მიზანიც შემდეგ ამ ინფორმაციის საერთაშორისო მედიებში მოხვედრა იყო.
დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი პრესრელიზში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი უძღვება კოალიციას, რომლის ძალისხმევაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა“. ამისთვის მიხეილ სააკაშვილის სახელით კომპანიამ 12 ათას დოლარამდე მიიღო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები 19 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.
ამასთან, 20 ივლისს ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.