აშშ-ის გენშტაბის მეთაური - მოკავშირეები უნდა დაეხმარონ უკრაინას ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აღდგენაში
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შექმნა უნდა უზრუნველყონ, რათა ქვეყანამ რუსეთისგან მომდინარე თავდასხმებისგან საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლოს, – ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის მეთაურმა, გენერალმა, მარკ მაილიმ, ბრიუსელში გამართული უკრაინის თავდაცვითი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გენერლის თქმით, კონფერენციაზე დამსწრე ქვეყნებს სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემები გააჩნიათ და საჭიროა, რომ უკრაინას მრავალფეროვანი სისტემები გადასცენ და მათი მართვისთვის წვრთნებიც ჩაუტარონ.
„კონფერენციაზე დამსწრე ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, დაეხმაროს მათ აღადგინონ და შეინარჩუნონ ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
მრავალ ქვეყანას აქვს პეტრიოტები, სხვა სისტემები. ისრაელის სისტემების მთელი სერია არსებობს, რომელიც საკმაოდ მოქნილია, გერმანელებსაც აქვთ სისტემები, ასე რომ მრავალ ქვეყანას, რომელიც დღეს აქ გვესწრებოდა, სისტემების მრავალსახეობა აქვს.
ამოცანაა, რომ გავაერთიანოთ ისინი, განვათავსოთ, გავწვრთნათ, რადგან თითოეული ეს სისტემა განსხვავებულია, უზრუნველვყოთ, რომ ისინი დაუკავშირდება ერთმანეთს მართვის, კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემებით და უზრუნველვყოთ, რომ ჰქონდეთ რადარები, რათა შეძლონ რეისებზე სამიზნეების აყვანა“,- განაცხადა გენერალმა.