აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის საფრთხის წინაშე დგას
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად იქცეს. ეს განცხადება ულიამ ბარნსმა ტეხასში, რაისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე, მათ შორის ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის კუთხით.
„რეალობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რუსეთი უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, ზოგიერთი თვალსაზრისით, ის დგას საფრთხის წინაშე, დროთა განმავლობაში გახდეს ჩინეთის ეკონომიკური კოლონია, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტის კუთხით“, – განაცხადა ბარნსმა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გავრცელების შესახებ და მომხდარს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა. მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მომხდარის გამოძიებას აგრძელებს.