აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავების საშიში და არაპროფესიონალური მოქმედებების გამო, F-22-ის ტიპის გამანადგურებლები სირიაში, აშშ-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგდნენ
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავების საშიში და არაპროფესიონალური მოქმედებების გამო, F-22-ის ტიპის გამანადგურებლები სირიაში, აშშ-ის კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგდნენ

რუსული თვითმფრინავების მზარდი, საშიში და არაპროფესიონალური მოქმედებების გამო F-22-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები სირიაში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„რუსი სამხედროების საშიში და არაპროფესიონალური ქმედებები არ არის ის, რასაც პროფესიონალი საჰაერო ძალებისგან ველით. საჰაერო სივრცის შეთანხმების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათვლების რისკს“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა მაიკლ კურილამ.

როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, F-22-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების სწრაფი განლაგება არის პარტნიორების, მოკავშირეების და შეერთებული შტატების ერთგულების აშკარა დემონსტრირება, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში ჯერ კიდევ აპრილში განაცხადეს, რომ სირიის ცაზე რუსი მფრინავები ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებთან შეხვედრისას აგრესიული მანევრით გამოირჩეოდნენ. მარტი-აპრილის პერიოდში რუსმა მფრინავებმა კონფლიქტის თავიდან არიდების პროტოკოლი 85-ჯერ დაარღვიეს.