აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი
აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტ H.R. 6395 „უილიამ თორნბერის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2021 წლის ფისკალური წლისთვის“ შესულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება. მათ შორის არის პუნქტი ნომრით 1299С, სახელწოდებით „ანგარიში საქართველოს მთავრობის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზე“.

ამ პუნქტში ნათქვამია, რომ:

1. „კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების, საარჩევნო რეფორმისკენ გზას, კორუფციასთან ბრძოლისადმი ერთგულებას და ძალისხმევას, რათა საქართველოს კერძო სექტორმა კვლავაც დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის მიესალმოს და დაიცვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“.

2. „კონგრესმა უნდა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც მოიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, პარტნიორ სახელმწიფოებთან თავსებადობის გაზრდას, ომის კანონების დაცვის უზრუნველყოფას და თავდაცვითი ინსტიტუტების განმტკიცებას“.

მეორე პუნქტს ახლავს დამატებები, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებიდან არაუგივიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ანგარში, რომელიც უნდა მოიცავდეს ანალიზს შემდეგ საკითხებზე:

დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად; ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა: ეფექტურ საარჩევნო რეფორმას; პატივს სცემს თუ არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან; ეფექტურად ახორციელებს თუ არა საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, მათ შორის დაუბრკოლებელი წვდომა საჯარო ინფორმაციასთან; იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას და ყველა სხვა საკითხებზე, რომელთაც სახელმწიფო მდივანი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამავე კანონპროექტში საქართველოს კიდევ რამდენიმე პუნქტი ეხება. მათ შორის პუნქტი 1245С სახელწოდებით „კონგრესის საქართველოსადმი მხარდაჭერა“, რომელშიც ვკითხულობთ:

1. საქართველო არის აშშ-ის ღირებული მეგობარი და არაერთხელ აჩვენა ერთგულება ორი ქვეყნის საერთო ინტერესების წინ წაწევისადმი, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგზავნა ავღანეთში ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობისთვის და მრავალეროვნულ მისიაში ერაყში.

2. შეკავების ევროპული ინიციატივა განამტკიცებს საქართველოს პარტნიორულ პოტენციალს, რათა მან შეძლოს კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშაოს აშშ-თან და ნატო-სთან, და ამასთან ერთად უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა.

3. შეკავების ევროპულ ინიციატივასთან ერთად, საქართველოს მონაწილეობა ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მშნივნელოვანია აშშ-თან და ნატოს-თან ოპერატიული ურთიერთქმედებისთვის და რეგიონში უფრო მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.

4. მიუხედავად საქართველოს დანაკარგისა, საქართველო ერთგულია ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობისადმი და სამხედროების რაოდენობით მეხუთე ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, კონგრესმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

1. კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ისა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.

2. დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობა, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული.

3. გააგრძელოს საქართველო მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროში, ლეტალური და არალეტალური ზომებით მდგრადობის განსამტკიცებლად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეკავების გასაძლიერებლად და რეგიონში სტაბილურობის წასახალისებლად.

ა) გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ხელი შეუწყობს სამხედრო მზადყოფნის განმტკიცებას.

ბ) გაუმჯობესდეს ურთიერთქმედება ნატო-ს ძალებთან და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გამტკიცება საქართველოსთან და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან.

ამავე კანონპროექტში საქართველო ნახსენებია პუნქტში 1281 სახელწოდებით „ანგარიში უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში და აზერბაიჯანში იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“.

ამ პუნქტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის  ძალაში შესვლიდან, არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავდაცვის მდივანთან კოორდინირებულად უნდა მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს შესაბამის კომიტეტებს კონგრესში.

ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:

1. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა რიცხვს, რომლებიც წარმოადგენენ უცხოელი ძალების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირებს ამ ქვეყნების 1991-ი წლიდან არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

2. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და აზერბაიჯანის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც მოკლეს ამ ქვეყნების 1991-ი წლიდან უცხო ძალების მიერ არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ სენატსა და კონგრესში „2021 წლის ფისკალური წლისთვის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ ორი ვერსია განიხილეს. სენატმა მიიღო კანონპროექტში ნომრით 4049, რომელშიც ზემოთჩამოთვლილი პუნქტები, რომლებიც საქართველოს ეხება, არ არის.

ამ კონონპროექტთან დაკავშირებით კონგრესსა და სენატში მსჯელობა და განხილვა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

კანონპროექტის ძალაში შესასვლელად აუცილებელია წარმომადგენელთა პალატის და სენატის თანხმობა, შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

დატოვე კომენტარი