აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება
აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთი კვირის წინ თურქული ძალები სირიაში შევიდნენ. ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუწოდა თურქეთს, შეაჩერონ ძალადობა და დათანხმდნენ მოლაპარაკებას. დღეს სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
სადემარკაციო ხაზი, რომლის მიღმაც ქურთების შეიარაღებული ძალები გადაიწევენ, თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრით, სამხრეთით იქნება გავლებული, ისე, როგორც ამას თურქული მხარე ე.წ. უსაფრთხო ზონის შესაქმნელად მოითხოვდა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის განმარტებით, ვაშინგტონი არ აპირებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო მოქმედებებში ჩართვას და მხოლოდ დიპლომატიით შემოიფარგლება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ი თურქეთს დამატებით სანქციებს აღარ დაუწესებს. მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი მზად არის, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.