აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის. თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, რეგიონში საბრძოლო გემებს და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტს“ აგზავნიან. შესაბამის განკარგულების პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა ხელი უკვე მოაწერა.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად როდის და სად განათავსებენ ამერიკულ საბრძოლო გემებს და კომპლექს „პატრიოტს“. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განმარტებით, აღნიშნულ ცნობებს უსაფრთხოების მიზნით არ ასაჯაროებენ.
პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს დეტალურად სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების დასაცავად მზად არის.
6 მაისს ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და მისი ეკიპაჟი, ასევე საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა. მაშინ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანთან ომი არ სურს, თუმცა ნებისმიერი საპასუხო ქმედებებისთვის მზად არის.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერის განკარგულებით შეთანხმების პირობებში მოხსნილი სანქციები ირანის წინააღმდეგ კვლავ დააწესეს. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ირანის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხეს ელიან, რის გამოც რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.