აშშ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაში პირველად შევიდა
ამერიკის შეერთებული შტატები ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაში პირველად შევიდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამის მიზეზად ივნისში, მერილენდის შტატში მომხდარ ტრაგედიას ასახელებს, როდესაც შეიარაღებულ თავდასხმას ერთ-ერთი გაზეთის ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა.
აღნიშნული სიაში პირველ ადგილებზე ავღანეთი, სირია და მექსიკაა, სადაც საომარი მოქმედებების, თუ ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო ჟურნალისტების საქმიანობა უკიდურესად სახიფათოა.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიური ანგარიში გაავრცელა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით ჟურნალისტების საქმიანობას მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ბოლო ერთ წელში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სულ მცირე 80 ჟურნალისტი მოკლეს. ეს კი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 15 პროცენტით მეტია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეს საერთაშორისო მასშტაბით 348 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის მაჩვენებელი გასული წლის სტატისტიკას აქაც აღემატება.