აშშ-ი და პოლონეთი თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ში“ მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს. პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირმა დასძინა, რომ ეს პროექტი თავად გერმანელებს არ მოსწონთ.
„ჩვენ სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ გერმანელი ხალხი რუსეთს ენერგორესურსისთვის მხოლოდ ერთ წელში მილიარდობით დოლარს უხდის. მინდა დაგარწმუნოთ, ეს თავად გერმანელებს არ მოსწონთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირში ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონი და ვარშავა მაღალი რანგის დიპლომატიურ კონსულტაციებს დაიწყებენ.
„ჩვენს ორ ერს შორის ალიანსი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – დასძინა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.