აშშ და ჩინეთი სავაჭრო ომის თავიდან არიდებას სავარაუდოდ ხელახალი მოლაპარაკებით ეცდებიან
ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი სავაჭრო ომის თავიდან არიდებას ხელახალი მოლაპარაკებების გზით შეეცდებიან. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰი დახურულ დიალოგს აწარმოებენ. გასულ კვირაში მნუჩინმა ტელეკომპანია CNBC-ს განუცხადა, რომ ჩინეთთან „გარკვეული ჩუმი საუბარი“ გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტობრივად სავაჭრო ომის პირზეა. აშშ-მა 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტი ახალი ტარიფით დაბეგრა, რომელსაც ჩინეთმა საპასუხო ეკვივალენტური ტარიფებით უპასუხა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი არ გააკეთა.