ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დღეს ბრიუსელში ელოდებიან. აშშ-ის სენატმა პომპეო 26 აპრილს დაამტკიცა. ახალი სახელმწიფო მდივანი მის პირველ ვიზიტს ბელგიაში განახორციელებს და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში გამგზავრებაზე გადაწყვეტილება პოსტზე დამტკიცებისთანავე მიიღო. ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის მისიამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
“მე ახლახანს ვესაუბრე აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს და მოხარული ვარ, რომ ის უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ბრიუსელში, ბელგიაში. ბრიუსელში ჩამოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს აშშ-ის დამოკიდებულებაზე ნატო-ს, მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ”,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა ნატოში.
მაიკ პომპეო შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციის ივლისის სამიტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, ავღანეთსა და რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ. ბელგიიდან აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება.
ნატო-ს შტაბბინაში ახალი სახელმწიფო მდივნის დასახვედრად ემზადებიან. მაიკ პომპეოს ფოტო კედელზე უკვე ჩამოკიდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა “ტვიტერზე” ფოტო გააზიარა, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული იმ ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც პომპეოს ვიზიტის გასაშუქებლად ბელგიაში ახალ სახელმწიფო მდივანთან ერთად გაემგზავრნენ.