აშშ - აღმოსავლეთ ღუტადან ადამიანების ევაკუაციისთვის რუსეთის ჰუმანიტარული დერეფნის შეთავაზება არასერიოზულია
აშშ - აღმოსავლეთ ღუტადან ადამიანების ევაკუაციისთვის რუსეთის ჰუმანიტარული დერეფნის შეთავაზება არასერიოზულია

აღმოსავლეთ ღუტადან ადამიანების ევაკუაციისთვის რუსეთის ჰუმანიტარული დერეფნის შეთავაზება არასერიოზულია და მოსახლეობას ამის ეშინია, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს.

„ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ რუსეთის იდეა, რბილად რომ ვთქვა, ხუმრობასავით ჟღერს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას ამგვარი დერეფნების გამოყენებისგან ის საშიშროება შეაფერხებს, რომ ისინი შესაძლოა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრე ძალებმა აიყვანონ, ვეღარასდროს დაბრუნდნენ შინ ან, სულაც, დახოცონ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ასევე ბრალი დასდო ბირთვული იარაღებზე მუშაობით დესტაბილიზაციის თესვაში. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ახალი ბირთვული იარაღების შესახებ ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჰეზერ ნაუერტის თქმით, პუტინის გამოსვლიდან ჩანს, რომ რუსეთმა ვალდებულებები დაარღვია. მან ასევე გააკრიტიკა ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც პუტინის გამოსვლის პარალელურად აჩვენეს. ნაუერტის შეფასებით, რგოლი აშშ-ზე თავდასხმის წარმოდგენას ემსახურებოდა.

არჩევნებამდე 18 დღით ადრე, ფედერალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ არსენალსა და შეიარაღებაზე იმსჯელა. მან განაცხადა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ძლიერი იარაღი, როგორც რუსეთს. მისივე თქმით, რუსეთის ჯარი მსოფლიოში უმაღლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.

რუსეთის პრეზიდენტმა ახალ, ზებგერით იარაღზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, სიმძლავრით მეტეორის მსგავსი იქნება. იარაღის სახელწოდებაა „ავანგარდი“.

„2004 წელს განვაცხადე, რომ რუსეთს ექნება ისეთი იარაღი, რომელიც მსოფლიოში არავის არ აქვს. მაშინ არავინ მოგვისმინა, ახლა კი, როცა ეს იარაღი შევქმენით, მოგვისმინეთ!“ – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტებზე მუშაობს და ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც გამოცდის რეჟიმშია.