აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა
ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი სპეციალურ პროკურორად დაინიშნა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიება დაევალა. ამ ხნის განმავლობაში, მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა ტრამპის პრეზიდენტობის კანონიერება გარკვეულ წრეებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თავად თეთრი სახლის ლიდერი კი სპეციალური პროკურორის საქმიანობას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.
2017 წლის 17 მაისს გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტეინმა რობერტ მიულერი სპეციალურ პროკურორად დანიშნა და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება დაავალა. რამდენიმე თვეში, 2017 წლის 26 ივლისს ფედერალურმა აგენტებმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანფორტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, მანაფორტსა და მის ბიზნესპარტნიორს, რიკ გეითსს ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი. მანაფორტი თავს უდანაშაულოდ აცხადებს.
2017 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა. მან აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა მის მიერ რუსულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე და სპეციალურ პროკურორთან თანამშრომლობას დათანხმდა.
უკვე 2018 წლის აპრილში კი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ტრამპის პირადი ადვოკატის, მაიკლ კოენის სახლსა და ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა. ეს საგამოძიებო მოქმედებები ნაწილობრივ უკავშირდება 130 000 დოლარის ოდენობის თანხას, რომელიც კოენმა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ანგარიშზე გადარიცხა. დენიელსის თქმით, კოენმა მას ამ თანხის საფასურად დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობის შესახებ დუმილი მოსთხოვა.
რობერტ მიულერის გამოძიება გრძელდება. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააჟღერა მისი ქმედებებით გამოწვეული უკმაყოფილება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მოუწოდებენ, არ შეუშალოს ხელი სპეციალური პროკურორის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიებას.