სოფო გორგოძის ინფორმაციით, ასეულობით მასწავლებელი ორი წლის ხელფასის მიღებას და პენსიაზე გასვლას გეგმავს
საპენსიო ასაკს მიღწეული ასეულობით მასწავლებელი, გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, ჯილდოდ ორი წლის ხელფასის მიღებას და პენსიაზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სოფო გორგოძის განმარტებით, ჯილდოს მიღების სურვილი ასაკით პენსიონერ იმ მასწავლებლებს აქვთ, რომლებმაც საგამოცდო რეგისტრაცია უკვე გაიარეს, თუმცა ახალი ინიციატივის გაცნობის შემდეგ, ცენტრს რეგისტრაციის გასაუქმებლად ცხელი ხაზის საშუალებით მიმართავენ.
გორგოძის თქმით, პენსიონერმა პედაგოგებმა რეგისტრაციის გასაუქმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ.
„საპენსიო ასაკის მასწავლებლებს არჩევანი აქვთ. გამოცდაზე დარეგისტრირება ნებაყოფლობითია. მათ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ ან ჯილდო მოითხოვონ ორი წლის ხელფასის ოდენობით მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გამოცდაზე გავიდნენ და მინიმალური კომპეტენცია დაადასტურონ. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ცხელ ხაზზე ზარები საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან. მართალია, ისინი დარეგისტრირდნენ გამოცდისთვის, მაგრამ გადაიფიქრეს და რეგისტრაციის გაუქმება სურთ, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და გამოცდაზე გასვლა აღარ უნდათ. სამწუხაროდ, ასე მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ რეგისტრაციის გაუქმებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ თუ რეგისტრაციის გაუქმება უნდათ, ვებგვერდზე ძალიან მარტივი განაცხადის ფორმა დევს. ეს ფირმა შეავსონ, რესურსცენტრს მიაწოდონ და ამის შემდეგ რესურსცენტრი ჩვენ მოგვაწოდებს და რეგისტრაციას გავუუქმებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისი თქმით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლისა და შედეგების გაგების შემდეგაც შეუძლიათ.