არსებული მონაცემებით, ჩინეთში მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა
ჩინეთში მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, – ასეთი მონაცემებია აღწერილი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს შიდა შეფასებებში, რომელიც მედიაში ფარულად გასაჯაროვდა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, თუ ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტი ინფიცირებულია და ამ დრომდე პანდემიის ყველაზე ფართო გავრცელების შემთხვევას წარმოადგენს გლობალური მასშტაბით.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ანგარიში ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის შიდა შეხვედრაზე იქნა წარმოდგენილი.
ფარულად გასაჯაროების შემდეგ მონაცემებს გაეცნენ ასევე გამოცემები „ფაინანშიალ თაიმსი“ და „ბლუმბერგი“, რომელთა ცნობითაც, ანგარიშების მიხედვით, ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 20 დეკემბერს 37 მილიონს აღწევს, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ საჯაროდ მხოლოდ 3 049 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
საერთო ჯამში კი, პირველიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ხელისუფლებას საჯაროდ, ინფიცირების 250 მილიონამდე შემთხვევის ნაცვლად, მხოლოდ 62 592 შემთხვევა აქვს გაცხადებული.