არსებული ინფორმაციით, ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 15-მდე ადამიანი რჩება, მძევლების ნაწილმა შენობიდან გამოსვლა მოახერხა
ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.
ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო. ამ დროისთვის ფილიალში, არსებული ინფორმაციით, 15-მდე მძევალი რჩება, მათ შორის, ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონს ითხოვს.
„ვიმყოფები ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოები, სრულად დაცულია პერიმეტრი, მისი შემოგარენი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ შიგნით მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს“, – განაცხადა ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა.
მისივე თქმით, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თავდამსხმელს რამდენი მძევალი ჰყავს აყვანილი და არც მასთან კომუნიკაცია შემდგარა.
„კომუნიკაციაზე არ არის ჯერ გამოსული. სამართალდამცველები ცდილობენ, უსაფრთხოების ყველა ნორმა მოწესრიგებული იყოს და ამის შემდეგ ალბათ დაიწყება კომუნიკაციაზე გასვლა“, – განაცხადა ყვარლის მერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვს, როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ასეთი კომუნიკაცია არ შემდგარა და ინფორმაცია დაუზუსტებელია.
ყვარლის მერის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმიც, ოპერაციას უძღვება სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში.
ყვარელში ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.