პირველი არხის ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია.
აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ პროკურატურაში საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
მარნეულის გამგეობაში სამუშაო დღე 09:00 საათზე იწყება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აბაზოვი გამგეობაში ამ დრომდე არ გამოჩენილა. მას მობილური ტელეფონიც გამორთული აქვს.
მარნეულის მერის მოადგილე კახა ლობჟანიძე პირველ არხთან ადასტურებს, რომ გამგეობაში სამუშაო დრო 09:00 საათზე იწყება და თემურ აბაზოვი ამ დრომდე არ გამოჩენილა.
კითხვაზე, რატომ არ იმყოფება აბაზოვი ამ დრომდე სამსახურში, კახა ლობჟანიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, მერი რაიმე საქმეზე იყოს ჩასული რომელიმე სოფელში, თუმცა მერის რაიმე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
კახა ლობჟანიძის თქმით, მარნეულის მერი ბოლოს გუშინ, 18:00 საათზე ნახა და მას შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია.
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომლის შესახებაც რეპორტაჟი „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.