არსებობს დღის გაზომვის ორი მეთოდი, მაგრამ ჩვენ ოთხი წუთით უფრო ხანგრძლივს ვიყენებთ — ანიმაცია #1tvმეცნიერება
არსებობს დღის გაზომვის ორი მეთოდი, მაგრამ ჩვენ ოთხი წუთით უფრო ხანგრძლივს ვიყენებთ — ანიმაცია #1tvმეცნიერება

რამდენი ხანი სჭირდება დედამიწას 360-გრადუსიანი სრული ბრუნისთვის? როგორც ჩანს, არა 24 საათი, არამედ ზუსტად 23 საათი და 56 წუთი.

თუმცა, იმის გამო, რომ დედამიწა მუდმივად მოძრაობს მზის გარშემო ორბიტაზე, ამ 360-გრადუაიანი ბრუნის ბოლოს, მზისკენ პლანეტის სხვადასხვა წერტილი ექცევა.

იმისათვის, რათა მზე ცაზე ზუსტად იმავე პოზიციაში იყოს, დედამიწა 1 გრადუსით უნდა შემობრუნდეს.

სწორედ ამის გათვალისწინებით აირჩიეს ადამიანებმა დღის გაზომვა — არა დედამიწის ზუსტი ბრუნვის მიხედვით, არამედ ცაში მზის მდებარეობის მიხედვით.

ვიწრო გაგებით, არსებობს დღის ორი სხვადასხვა ტიპი. დღეს, რომელსაც 360-გრადუსიანი ბრუნის დასრულებით ზომავენ, ვარსკვლავიერი დღე ეწოდება.

ხოლო დღეს, რომელსაც ცაზე მზის მდებარეობის მიხედვით ზომავენ, მზიურ დღეს უწოდებენ. ეს უკანასკნელი ზემოთ ხსენებულზე ოთხი წუთით უფრო ხანგრძლივია და წარმოადგენს იმ 24 საათს, რომელსაც ვიყენებთ.

„ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მზის გარშემო ორბიტაზე ისე ვმოძრაობთ, რომ მზიური დღე 24 საათს გრძელდება. მზის გარშემო რომ არ ვმოძრაობდეთ, ორივე დღე ერთნაირი იქნებოდა“, — ამბობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) პლანეტური მეცნიერი ჯეიმს ო’დონოგი.

მანვე შექმნა ამ ყველაფრის ამსახველი ანიმაცია.

რადგან კალენდრებში მზიურ დღეს აღვნიშნავთ, ამიტომ გვაქვს წელიწადში 365 დღე. თუმცა სინამდვილეში, წლის განმავლობაში დედამიწა საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო 366-ჯერ ბრუნდება.

ო’დონოგი დღის ამ ორ ტიპს შორის განსხვავებას იმ გარემოებას მიაწერს, თუ რომელ ფონურ ობიექტებს გამოვიყენებთ დედამიწის ბრუნვასთან შედარების ბაზისად. ერთი სრული ბრუნი მზის მდებარეობასთან მიმართებაში არის მზიური დღე. ერთი სრული ბრუნი ცაზე არსებულ სხვა ვარსკვლავებთან მიმართებაში კი არის ვარსკვლავიერი დღე.

ო’დონოგის განცხადებით, ყოველდღიურობაში რომ ვარსკვლავიერ დღეს ვიყენებდეთ, ყოველდღე მზე დაახლოებით ოთხი წუთით ადრე ამოვიდოდა, ექვსი თვის შემდეგ კი დაახლოებით 12 საათით ადრე.

„თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დღიური რიტმი მზისთვის დაგვეკავშირებინა და არა ვარსკვლავებისთვის. ამიტომაც, ჩვენი ამ არჩევანის გამო, ვარსკვლავები ყოველდღიურად ოთხი წუთით ადრე ამოდიან“, — ამბობს ჯეიმს ო’დონოგი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.