არქიმანდრიტი ლონგომოზი კიევიდან - უდიდესი მადლობა საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში
საქართველოში ვიზიტად მყოფი პილიგრიმთა ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, სასტუმროებში განთავსდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინელების ჯგუფი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა და 24 თებერვალს უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მათ საქართველოში დარჩენა მოუწიათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, ისინი სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.
„17 თებერვალს ჩამოვედით საქართველოში, ამ მართლაც დალოცვილ ქვეყანაში წმინდა ადგილების მოსალოცად. გუშინ ღამე უნდა დავბრუნებულიყავით სამშობლოში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ომია, დაკეტილია საზღვრები. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში. სამწუხაროდ, არ ვიცით უკრაინაში დაბრუნებას როდის შევძლებთ, იმედია მშვიდობა მალე დაისადგურებს“, – აცხადებს ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი კიევიდან მამა ლონგომოზი.
უკრაინელი ტურისტები, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დახმარების თხოვნით მათ უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.