არნოლდ სტეფანიანი - რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელს ხედავ, არ იციან, როგორ დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს
რთულია, როცა უბანზე ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს, განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანმა. სტეფანიანი ცესკო-ში ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა საარჩევნო ოლქზე იყო საუბარი, თუმცა განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ზუგდიდსა და მარნეულზე.
„ხვალ მარნეულის ოლქში დავაკვირდებით არჩევნებს. ჯერჯერობით, ისეთი ინციდენტი არ ყოფილა მარნეულში, რაც ეჭვქვეშ ჩააყენებდა თვითონ პროცესს, თუმცა ხვალ ველოდებით დაძაბულობას. სულ ცოტა, ის არის გაუგებარი ჩვენთვის, რომ რამდენიმე ათასი დამკვირვებელია მარნეულში რეგისტრირებული. რთულია, როცა შედიხარ უბანზე და ათობით დამკვირვებელს ხედავ, რომლებმაც ისიც კი არ იციან, როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს და ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ პარტიებს. მახსოვს, რომ წინა არჩევნებზე ინციდენტები ზუსტად ამ ადამიანების გამო იყო. ვფიქრობ, ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, რადგან, როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდებათ ამ ორ ოლქში მუშაობა“, – განაცხადა სტეფანიანმა.
რაც შეეხება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სტეფანიანი აცხადებს, რომ პოლიტიკური კულტურის არარსებობა ხელისშემშლელია.
„სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურა არ არის ჯერ განვითარებული და არასამთავრობო სექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვეცდები მაქსიმალურად რომ არჩევნებმა ჩაიაროს კარგად“, – აღნიშნა სტეფანიანმა.