არკადი ბაბჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა ჟურნალისტმა არკადი ბაბჩენკომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„ვიწყებთ ახალ სერიალს „არკადი ბაბჩენკო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. სარჩელი შევიტანე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ჟურნალისტის ცნობით, მისი ადვოკატი ბენ ემერსონია, რომელიც ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლის, მარინა ლიტვინენკოს უფლებებს იცავს.
როგორც ბაბჩენკომ აღნიშნა, სარჩელი მხოლოდ მისი მკვლელობის მცდელობას არ ეხება, არამედ, მის წინააღმდეგ დევნას, თვალთვალს მისი კოლეგებისა და მეგობრების მკვლელობას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ოპოზიციონერების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობას.
ბაბჩენკოსგან სარჩელის მიღებას ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოშიც.
არკადი ბაბჩენკომ მისი მისამართით განხორციელებული მუქარების გამო, რუსეთი 2017 წელს დატოვა და მოგვიანებით კიევში დასახლდა. 2018 წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტთან ერთად მისი მკვლელობის ინსცენირება განახორციელა, მოგვიანებით ეს დადგმა სპეცოპერაციით განმარტა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სპეცოპერაცია მიმართული იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ბაბჩენკოს მკვლელობის აღსაკვეთად.