არგენტინის პოლიციამ გამოავლინა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ მენდოზაში ებრაული თემის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა
არგენტინის პოლიციამ გამოავლინა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ მენდოზაში ებრაული თემის წინააღმდეგ თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უშიშროების სამინისტრო ავრცელებს.
არგენტინის ფედერალური პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების განცხადებით, დაკავებულია დაჯგუფების შვიდი წევრი.
„ჩვენ მოვიშორებთ თითოეულ დამნაშავეს, რომელსაც განზრახული აქვს შიშის დათესვა არგენტინელებში და ისინი ამისთვის გადაიხდიან“, – დაწერა სოციალურ მედიაში უშიშროების მინისტრმა პატრიცია ბულრიჩმა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მენდოზის ებრაული თემის წევრმა ჟურნალისტმა მისი მისამართით მუქარების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. უსაფრთხოების ძალებმა მუქარების ავტორის ვინაობა დაადგინა, რომლიდანაც ისინი მთელ ორგანიზაციაზე გავიდნენ. გამოძიების ცნობით, დაჯგუფების წევრები თავდასხმას „ტელეგრამისა“ და „ვოთსაპის“ აპლიკაციების გამოყენებით გეგმავდნენ. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ რვა მისამართზე რეიდი ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ხმლები, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და სხვა ნივთები.
დაჯგუფების წევრები არგენტინასა და ჩილეს შორის გადასასვლელ პუნქტსა და ბუენოს აირესის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ცნობისთვის, არგენტინაში ლათინური ამერიკის უმსხვილესი ებრაული თემი ცხოვრობს. 1990-იან წლებში არგენტინაში ებრაულ თემზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ებრაულ ცენტრზე 1994 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც 85 ადამიანი დაიღუპა.