არგენტინაში მცხოვრებმა ფრანგებმა არგენტინის პრეზიდენტისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის პარალელურად, არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქცია გამართეს
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ საკუთარ რეზიდენციაში ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს უმასპინძლა.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერებმა შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შეთანხმებები კლიმატის სფეროში.
მაკრონი არგენტინაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს ჩავიდა მეუღლესთან, ბრიჯიტ მაკრონთან ერთად.
ამასთან, მედიის ცნობით, არგენტინაში მცხოვრებმა ფრანგებმა, ლიდერების შეხვედრის პარალელურად, არგენტინის პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით მაკრონსა და მილეის შორის ამ შეხვედრას, რადგან მიგვაჩნია, რომ მილეი ულტრამემარჯვენეა. მაკრონის ჩამოსვლა ბუენოს აირესში მეტ ლეგიტიმაციას ანიჭებს მილეის. თუ გავითვალისწინებით ყველაფერს, რასაც მილეი წარმოადგენს ქალთა უფლებების, ლგბტ უფლებების, კლიმატის ცვლილების, უნივერსიტეტების დაფინანსების შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, მაკრონს ბევრი მიზეზი აქვს, რომ არ შეხვდეს მას“, – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ემანუელ მაკრონი მოგვიანებით ბრაზილიაში გაემგზავრება დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.