არგენტინაში აღმოჩენილი გიგანტური დინოზავრის ჩონჩხი სავარაუდოდ დედამიწის ყველა დროის უდიდეს არსებას ეკუთვნის — #1tvმეცნიერება
სამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში მეცნიერებმა მიწიდან ამოთხარეს 98 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელიც მათი აზრით, ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდა.
გიგანტური ზავროპოდის განმარხებული ძვლების თითო ნაწილი ადამიანის ზომისაა და როგორც ჩანს, ეს არსება 10-20 პროცენტით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე Patagotitan mayorum-ი, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი დინოზავრია. გათხრებს ლა-მატანსას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები აწარმოებენ.
ზავროპოდები უზარმაზარი, გრძელკისერა, გრძელკუდიანი, ბალახისმჭამელი დინოზავრები იყვნენ და წარმოადგენენ ხმელეთის უდიდეს ქმნილებებს, რომლებსაც კი ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე.
მათ შორის იყო ასევე არგენტინაში აღმოჩენილი Patagotitan mayorum-ი, რომელიც 70 ტონას იწონიდა და სიგრძეში 40 მეტრი იყო.
არგენტინის ლა-პლატის მუზეუმის მკვლევარი ალეხანდრო ოტერო აღმოჩენილი ძვლების საფუძველზე დინოზავრის გამოსახულების შექმნაზე მუშაობს.
ახლად აღმოჩენილი დინოზავრის შესახებ კვლევა მან სამეცნიერო ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოაქვეყნა.
ამ დროისათვის, ქანებში ჩამარხული დინოზავრის სხეულის სხვა ნაწილების ძებნა გრძელდება. არქეოლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბარძაყის ან მხრების ძვლები, რომლებიც ამ დიდი ხნის წინ გადაშენებული ქმნილების სხეულის მასის შეფასებისთვის არის საჭირო.
გიგანტური ნამარხი 2012 წელს, მდინარე ნეუკენის ხეობაში აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები 2015 წელს დაიწყო.
„გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო.
უზარმაზარი ჩონჩხი 98 წლის წინანდელ, ზედა ცარცული პერიოდის ხანის ქანების შრეში აღმოაჩინეს.
„ვფიქრობთ, რომ ჩონჩხი სრული ან თითქმის სრულია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება გათხრებისას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ დროისათვის ცნობილ უდიდეს დინოზავრზე უფრო დიდი, ამ ზომის ასე ხელუხლებელი ნამარხის აღმოჩენა უდავოდ სიახლეა“, — ამბობს საპალას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის დირექტორი ალბერტო გარიდო.
კვლევა ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.