არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იმსჯელებენ
არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება.
საკითხზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მხარეები ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი მკაცრი და შედეგზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციასთან მიმართებით ერთიანი მიდგომაა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში.
„რეზოლუცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განვიხილავთ, არის მკაცრი და შედეგზე ორიენტირებული. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეზოლუციის ტექსტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებული მიდგომაა მასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ქვეყნის საერთო ინტერესი. რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტს, მკაცრი შეფასება არის რა თქმა უნდა, მომხდართან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნილია კონკრეტული ქმედებები, როგორიც არის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით გამოძიების ჩატარება, მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სპეციალური სიის შექმნა-ფორმირება, სადაც აისახება ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო ბრალდებული და მსჯავრდებული პირების სია“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის შემდეგ, 21 მარტს დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.
დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დოკუმენტს, პარტიის წევრების თქმით, ამას რეზოლუციის სრული ტექსტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ.