ნათია მეზვრიშვილი - არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა
არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასკვნით ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
„ფაქტიურად, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, უკვე წამების კვალიფიკაცია დაემატა. გამოძიება ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა., ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც აქტიურად მუშაობს, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია. სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.