არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს
არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის პროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად.

ასევე, რეზოლუციის პროექტის თანახმად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს.

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი ერთიან რეზოლუციაზე შეჯერდა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიციის ნაწილი საკუთარ პოზიციას პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის სრული ტექსტის ნახვის შემდეგ დააფიქსირებს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.