ანა გომეში - შეწყვიტე საქართველოს ოკუპაცია, რუსეთო
ანა გომეში - შეწყვიტე საქართველოს ოკუპაცია, რუსეთო

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომეში „ტვიტერში“ ეხმაურება.

ევროპარლამენტარი რუსეთს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„დავიწყე დღე საქართველოს პარლამენტის წევრებთან და თანამშრომლებთან. ვწუხვარ და ვიზიარებ მათ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტების მეირ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. კიდევ ორი ქართველი ამ დრომდე დაკავებულია. შეწყვიტე არალეგალური ოკუპაცია, რუსეთო!“ – წერს ანა გომეში სოციალურ ქსელში.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 

მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.