წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, კრწანისის სასწავლო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა და იუნკერებმა.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობის სახელით, ოფიცრების, სერჟანტების, სამოქალაქო პირების, იუნკერების და ასევე, მსმენელების სახელით, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და სრულიად საქართველოს გმირის დაკარგვა“, – განაცხადა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.
ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.