არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში წარადგინა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
„ანგარიში ამბობს სწორედ იმას, რომ საქართველოს ესმის და გააზრებული აქვს აბსოლუტურად სამართლიანად, რა არის ის მოთხოვნები, რასაც ჩვენგან ევროპული საზოგადოება ელოდება. გარწმუნებთ, ჩვენ ამ ამოცანებს თანმიმდევრულად აუცილებლად შევასრულებთ. დავუახლოებთ ჩვენს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს აუცილებლად შევინარჩუნებთ და ჩვენი გამოწვევა იქნება ეკონომიკა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები, რაც უდავოა, რომ მიიღწევა ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებში უფრო ძლიერი ინტეგრაციით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევა.
„საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს გახლავთ ოკუპირებული. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. ეს არ არის ის, რაც ოდესღაც მოხდა და დღეს აღარ საჭიროებს ყურადღებას. ეს არის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც იწვევს ყოველდღიურ პრობლემებს, ეს არის არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი სირთულეები, არამედ კონფლიქტი ადამიანის უფლებებთან, სოციალური განვითარების პროცესთან, კონფლიქტი დროსთან, რომელიც რუსეთის ფედერაციას და დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმებს აქვთ ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება. ჩვენ შევძლებთ იმ ინფრასტრუქტურის, კავშირების აღდგენას, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება და ჩვენს დებთან და ძმებთან, როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში, აუცილებლად დავბრუნდებით, ერთად ვიზრუნებთ საქართველოს მომავალზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სახელმწიფოს 179-გან, რომელიც არის საპარლამენტო კავშირის წევრი, ვისაუბროთ ერთი ერთზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ავუხსნათ მათ, რა ხდება რეალურად, რომ ყოველდღიურ პროვოკაციებს საქართველო უმკლავდება მშვიდად, პრაგმატულად, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში. ამავე დროს, საქართველო ახერხებს, საქართველოს შეუძლია, ოკუპაციის მიუხედავად განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ინსტიტუტები, ჰქონდეს უფრო ძლიერი ენერგეტიკული სექტორი, დასაბუთებული ამბიციები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობაზე. რასაკვირველია, ამ კავშირში კარგად იციან, რომ საქართველო გახლავთ დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიწევს ცხოვრება ძალიან რთულ რეგიონში, სადაც არის არაერთი გამოწვევა და არის საკმაოდ რთული ტექტონიკა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველო დღეს რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის იმ პარტნიორად, რომელსაც ყველაზე მეტი საკუთარი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ნატო-ს საერთაშორისო მისიებში.
„გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მსოფლიოში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. ჩვენთვის, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ ჩვენს წარსულთან, კულტურასთან, იდენტობასთან ერთად ჩვენს მეგობრებს საპარლამენტთაშორისო კავშირში გავაცნოთ, რა არის საქართველოს სამომავლო ხედვა. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის მომავალზე ორიენტირებული. როგორც არასდროს, საქართველოს პარლამენტს ჰყავს განახლებული, ძლიერი გუნდი, რომელზეც ჩვენი საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.