არჩილ თალაკვაძემ გიორგი ვაშაძეს მიმართა - პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით
არჩილ თალაკვაძემ გიორგი ვაშაძეს მიმართა - პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით

პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტი თავისთავად ეხებათ პენსიონერებსაც.

„გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ეს ზრდა პენსიონერებს მივცეთ და დანარჩენი მიმართულებები, იქნება ეს სოციალური, ჯანდაცვის, ხელფასების ზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მედიკამენტები ბავშვებისთვის, მოვხსნათ დღის წესრიგიდან და პენსიონერებს გავუნულოთ სესხებიო. თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე, ბატონი პაატა მანჯგალაძე და დანარჩენები, რომლებიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და ეს არ შეიძლება. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც უჩიოდით პრემიერ-მინისტრს და ახლა როცა გჭირდებათ, თურმე სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე. ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია, მგონი, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს, მათაც ეკუთვნით. ამ ჯანდაცვით, რომელსაც ფულს ვუზრდით, სარგებლობენ პენსიონერებიც, ამ სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობენ პენსიონერებიც, იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ. თქვენ, მგონი, ისიც კი არ იცით, რამდენია მარტოხელა პენსიონერი ქვეყანაში, იმიტომ, რომ პენსიონერების დიდ ნაწილს ჰყავს ოჯახის წევრები და იმ ოჯახის წევრებს რომ სახელმწიფო ახალ სამუშაო ადგილებს უქმნის, ხელფასს უზრდის, უკეთეს ჯანდაცვას სთავაზობს, უკეთეს სკოლას და ინფრასტრუქტურას სთავაზობს, ეს იმ პენსიონერებსაც ეხებათ, რადგან ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ. თქვენ ხართ ის პოლიტიკოსი, რომელიც ამბობდით, რომ ონკოლოგიაში დახარჯული დაფინანსება არის „შავ ხვრელში“ ჩაყრილი ფული. ამას ეთერში ამბობდით. თქვენ არ გესმით, ადამიანის სიცოცხლის ერთი დღე რამდენად ძვირფასია. არ გესმით და, შესაბამისად, ბიუჯეტს როგორ გადაანაწილებთ სწორად? სტიქიით დაზარალებულებს, სკოლებს, სასწრაფო დახმარებას არ მივცეთო და რადგან მე მჭირდება არჩევნებისთვის, ვალები გავუნულოთ პენსიონერებსო – ეს არის თქვენი პროგრამა, ამ პროგრამით გახვალთ არჩევნებზე და მიიღებთ ისევ იმ შედეგს, რაც მიიღეთ წინა არჩევნებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.