არჩილ თალაკვაძე - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნა ტერმინ „ლიბერალურთან“ დაკავშირებით გაუგებრობამ გამოიწვია
არჩილ თალაკვაძე - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნა ტერმინ „ლიბერალურთან“ დაკავშირებით გაუგებრობამ გამოიწვია

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩავარდნა ტერმინ „ლიბერალურთან“ დაკავშირებით გაუგებრობამ გამოიწვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პარლამენტში დეპუტატებს შორის კენჭისყრისას გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ კამათი იყო ტერმინთან დაკავშირებით, „ლიბერალური“ უნდა ყოფილიყო, თუ „ლიბერალურ-დემოკრატიული“. სინამდვილეში, კანონპროექტში დათქმა იყო, რომ მეორე მოსმენისთვის მიღებული იქნებოდა ტექსტი, სადაც ჩაწერილი არის „ლიბერალურ-დემოკრატიული“ და ამაზე შეთანხმება არსებობდა. შემდეგში ეს საკითხი იქნება დარეგულირებული. ლიბერალურ-დემოკრატიულ სისტემაზე ევროპამ 100 წელზე მეტი იფიქრა და დიდი ხანია, შეთანხმება არსებობს. ხალხს სადოქტორო აქვს დაცული და ამ თემაზე ლექციებს კითხულობენ. შესაბამისად, საკამათოც არაფერია. კანონში ისე იქნება ასახული, როგორც მთელ მსოფლიოშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩავარდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 61-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 18 პარლამენტარი, საჭირო იყო 68 დეპუტატის მხარდაჭერა.

კანონპროექტის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური”. ცვლილებების ავტორები განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან. დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

კერძოდ, მოქმედ კანონში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

კანონპროექტის მიხედვით კი, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: „ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება“.