არჩილ თალაკვაძე - ყველას შეუძლია, თავი გამოხატოს ხელოვნებაში, სახელმწიფო მოქალაქეების უფლებების დამცველი იქნება
მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველას შეუძლია, თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ.
„შს სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ეს არის პრევენციული ნაბიჯები, რათა საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ბუნებრივია, სახელმწიფო აქ იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.