არჩილ თალაკვაძე - ყველა მოქალაქეს შეეძლება, ნახოს, მოსამართლეობის რომელ კანდიდატს რამდენმა დეპუტატმა და ვინ დაუჭირა მხარი
პარლამენტმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი სტანდარტებით ჩაატარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა კითხვები, რაც იყო საზოგადოებაში მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებაში.
„ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და ვფიქრობ, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად ნახეს, პირდაპირ ეთერში, ვინ არიან კანდიდატები, როგორია მათი პროფესიონალიზმის დონე, როგორია მათი ხედვები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პარლამენტი ამ პროცესის დასრულების შემდეგ განიხილავს კომიტეტზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე თითოეულ კანდიდატურას ინდივიდუალურად. ვის დაუჭერს მხარს და რამდენ ადამიანს დაამტკიცებს უზენაეს სასამართლოში, ეს არის დამოკიდებული პლენარული სხდომის კენჭისყრის შედეგებზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა საკუთარი კომპეტენცია.
„ვფიქრობ, ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც არსებობს უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის. იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა, შესაბამისად, საბოლოო შედეგებს იხილავთ, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება. გარწმუნებთ, კენჭისყრის შედეგებიც ასევე იქნება გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს კენჭისყრა ჩატარდება ინდივიდუალურად და ყველა მოქალაქეს შეეძლება, ნახოს, რომელ კანდიდატს რამდენმა დეპუტატმა და ვინ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.