არჩილ თალაკვაძე - ვთხოვ ოპონენტებს, ცოტა ფართო კონტექსტში შეხედონ საკუთარ სასაცილო განცხადებებს
კანონის უზენაესობის პირობებში გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის გამოძიება დაწყებული „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე.
ამასთან, მისი თქმით, გაუგებარია, რა არგუმენტებს ეფუძნება „პროგრეს ბანკთან“ მიმართებაში შესაძლო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები და ბრალდებები.
„გამოძიების დაწყებაზე პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ და არ იღებენ გადაწყვეტილებას. კანონის უზენაესობის პირობებში, გადაწყვეტილებას იღებენ ინსტიტუტები, რომლებსაც ეს უფლებამოსილება აქვთ. რაც შეეხება ამ ბრალდებას, მე პირადად ძალიან მიკვირს, რა არგუმენტაციას ეფუძნებიან ჩვენი ოპონენტები, როდესაც საუბრობენ შესაძლო ფულის გათეთრებაზე. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დახარჯული აქვს 3 მილიარდზე მეტი და ამ 3 მილიარდის პროექტები, ეს არის საზოგადოების პროექტები, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ინფრასტრუქტურა, განათლების სფერო და ისეთი პროექტები, საიდანაც პირადად მას და მის ოჯახს არანაირი მოგება არ მიუღია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ასეთი პროექტის მაგალითი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი კოლოსალურ ქველმოქმედებას ახორციელებს.
„ამ პროექტიდან ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უშუალოდ მოგებას ვერ მიიღებს, მოგებას მიიღებს სახელმწიფო და საქართველო, როდესაც უფრო განათლებული თაობა და შესაბამისად, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი პოლიტიკა და უფრო ძლიერი მეცნიერება ექნება. ამ ყველაფრის ფონზე ვთხოვ ოპონენტებს, რომლებიც ძალიან ვიწრო სფეროში ოპერირებენ, როდესაც ამ საკითხებს აფასებენ, ცოტა ფართო კონტექსტში შეხედონ საკუთარ სასაცილო განცხადებებს“, – განაცხადა კახა არჩილ თალაკვაძემ.