არჩილ თალაკვაძე - ვთავაზობ ოპოზიციას, საკითხების განხილვა საპარლამენტო დებატების ფორმატში მოხდეს
არჩილ თალაკვაძე - ვთავაზობ ოპოზიციას, საკითხების განხილვა საპარლამენტო დებატების ფორმატში მოხდეს

2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ ოპოზიციას საკითხების საპარლამენტო დებატების ფორმატში განხილვისკენ მოუწოდა.

„არსებობს კითხვა, რას ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას და რა იქნება მომავალში. უპირველესად, მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და თანმიმდევრობით, როგორც ეს არის დღეს ასახული კონსტიტუციაში. ასევე, ვთავაზობ ოპოზიციას, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში. თუ მათ აქვთ არგუმენტები, თუ შეუძლიათ, დაარწმუნონ საზოგადოება, უფრო ფართო საზოგადოება, არა მხოლოდ მათი მხარდამჭერების ის ნაწილი, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს. მათ უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი. საპარლამენტო დებატებში ჩაერთონ, აჩვენონ საზოგადოებას თავისი არგუმენტები და დაუმტკიცონ, რომ ეს არგუმენტები ღირს იმ დესტაბილიზაციის მცდელობად. რა თქმა უნდა, არ ღირს, რომელსაც სამწუხაროდ, ისინი მიმართავდნენ“, – აცხადებს თალაკვაძე.

მისი თქმით, მეორე შეთავაზებაა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა.

„მეორე შეთავაზება არის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა  გავაგრძელოთ, რადგან ამ სამუშაო პროცესის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განვიხილავთ არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება უდავოდ მნიშვნელოვანი.

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობაც და ჩაერთოს ამ პროცესში, რათა საშემოდგომო სესიაზე ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით დაწყებული რეფორმა“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.