არჩილ თალაკვაძე - ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა
ლიეჟში იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა და საქართველოს მოქალაქეები სადაც შეიკრიბებიან, ყველგან ეს მოსაზრება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თუ საქართველოში მათთან პრეტენზიები აქვთ, ეს პრეტენზიები საზღვარგარეთ გაქრება.
„მესმის, რომ არ გამოუვიდათ ისეთი ღონისძიება, როგორიც მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაორგანიზატორებს ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც საზოგადოებას, მეც იგივე შეფასება მაქვს პოლიტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. ეს იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის მოსაზრება, რაც არის საქართველოში, საზოგადოებაში, დაფიქსირდა ლიეჟშიც. სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, ყველგან იგივე მოსაზრება იქნება. არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს საქართველოში პრეტენზიები აქვთ, ეს პრეტენზიები საზღვარგარეთ გაქრება. ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი. ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლიეჟში, კონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.