არჩილ თალაკვაძე - ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორის, მით უმეტეს, პოლონელი ექიმის ინციდენტის საკითხიც არ არის იმ კალიბრის, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს
არჩილ თალაკვაძე - ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორის, მით უმეტეს, პოლონელი ექიმის ინციდენტის საკითხიც არ არის იმ კალიბრის, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს

ეს არ არის ის განცხადება, რაც ასეთ დროს უნდა გაკეთდეს, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად დამაკმაყოფილებელია პოლონეთის მხარისგან პასუხი ინციდენტის შესახებ, რაც პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების გამოტანას უკავშირდება.

საუბარია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ამ განცხადებამ და კონკრეტულმა გზავნილებმა დააზარალოს ორი ქვეყნის ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და საქართველოსთვის ახლა ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა და კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა და სამართალი, საბოლოო ჯამში, მაინც ეკვილიბრიუმია და წონასწორობა აუცილებლად დადგება.

„დღეს ვინც არ უნდა ძალა გამოიყენოს და გადაწონოს ამბავი თავის სასარგებლოდ, მერწმუნეთ, ძალიან ცოტა ხანში, ადრე თუ გვიან, ეს წონასწორობა აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამიტომ, რომ გითხრათ, რომ მე შიშით ვუყურებ ამ განცხადებას, რომ ეს მომავალში საქართველოს და პოლონეთის ძმობაზე და მეგობრობაზე ცუდად აისახება, ვერ მოახდენს გავლენას, პირდაპირ გეტყვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, წარსულშიც და ახლაც, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება კეთდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, თუმცა ეს განცხადებები საქართველოსა და დასავლეთს შორის ხიდებს ვერ დაწვავს.

„აგერ, მაგალითად, ევროპარლამენტარები სარგებლობენ თავიანთი ევროპული სტატუსით და ევროპის სახელით გველაპარაკებიან იმას, რაც აბსოლუტურად არ ჯდება ევროპის პრინციპებში. ევროპული პრინციპები ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ა.შ. თუ ამ ხალხმა დღეს გადაწყვიტა, რომ ლობისტებთან რაღაც კავშირის გამო დაივიწყოს ევროკავშირის საუკუნოვანი ღირებულებები და ის ილაპარაკოს, რაც აწყობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ხიდებს დაწვავენ. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დაწვავს ხიდებს საქართველო-პოლონეთს შორისაც და, მით უმეტეს, ეს საკითხიც არ არის იმ კალიბრის საკითხი, რომ რაღაც ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველომ ამაზე გააკეთა რეაქცია, ქვეყანაში პოლონეთის ელჩი იყო მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში და ყველაზე მთავარი რეაქცია, რაც საქართველომ გააკეთა, არის ის, რომ ხელისუფლებამ თავის საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.

შეკითხვაზე, რით ხსნის პოლონელი ექიმის ერთი შეხედვით აუხსნელ ქმედებას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ექიმებისთვის თანამშრომლობა გახსნილად იყო შეთავაზებული, ერთი ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბიოლოგიური ნიმუში ცალკე, არაფორმალურად აეღო და წაეღო, სერიოზულ დარტყმას აყენებს ამ სამედიცინო მისიის ჩამოსვლას და მათ მიერ შესამუშავებელ შედეგებს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კამპანია და მთელი ეს პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული.

„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი თავიდანვე ტყუილზე იყო აგებული. ანუ, ტყუილი იყო ის, თითქოს, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუუარესდა, რომ სახელმწიფო არ აწვდიდა სერვისებს, ექიმებს უმალავდა, კვლევებს უმალავდა და წამლებს არ აძლევდა. ეს იყო ტყუილი და, შესაბამისად, ამაზე რომ დააფუძნეს პროცესი, ვითომ ამას ისე გამოვასწორებთ, უცხოელ ექიმებს ჩამოვიყვანთ, გარედან შევლენ და ასე შემდეგო, თუ თქვენ გახსოვთ, მითხარით, თუ არადა, შეგიძლიათ, დარბაზის დახმარებაც გამოიყენოთ, თუ ვინმეს ახსოვს, რომელიმე ექიმმა თუ თქვა, კონკრეტლად რა სჭირდება ამ ადამიანს დამატებით, რომ გაუუმჯობესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა პროფილის ექიმები არ ჰყავს, რა კვლევები არ ჩატარებულა, ასრულებს თუ არა მკურნალობას და იკვებება თუ არა სრულფასოვნად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილის ოჯახს და მის გარემოცვას ეს ვიზიტები და საერთაშორისო ჩართულობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ თემა შეინარჩუნონ აქტიურად და პოლიტიკურ განზომილებაში.