არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიისგან არ მოგვისმენია არსებითი შენიშვნები, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება
ვენეციის კომისიისგან არ მოგვისმენია არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს შეეხება.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას, სადაც კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, პროექტის მიღების ვადებზე ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.
„ცვლილებები რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია. ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, არ მოგვისმენია. მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა. ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს.
მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას, ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეობით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა. სასამართლო სისტემაში რეფორმები სწორი კურსით მიდის და ამის შედეგია ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რვაჯერ (5 000-დან 700-მდე) შემცირება, ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემის დასახელება ევროპის საუკეთესო ოცეულში. ჩვენ განვაგრძობთ სასამართლოში რეფორმების მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.