ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა
ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ  „საერთო საამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებების პროექტი „სწორი მიმართულებით მიდის, ფარული კენჭისყრის გაუქმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ თითოეულ ხმას თანდართული უნდა ჰქონდეს წერილობითი დასაბუთება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია“.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ აუცილებელია, კენჭისყრის შედეგებისა და დასაბუთებასთან ერთად, საჯარო იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობაც, რომელმაც კანდიდატს ხმა მისცა; ასევე, დასაშვები გახდეს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში მეორე და საბოლოო აპელაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2019 წლის პირველ მაისს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებაში გათვალისწინებულია რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ გადაიხედოს მოთხოვნა, რომელიც არამოსამართლე კანდიდატებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ავალდებულებს, რადგან უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრის კანდიდატი შეიძლება გახდეს მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.

„მსგავსი კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული, გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცებლად, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს კანონის საკითხებს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობის არსის შემადგენელია“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  2019 წლის პირველ მაისს მიღებულ საკანონმდებლო შესწორებაში ასევე, გათვალისწინებულია რეკომენდაცია ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უნდა გამოირიცხოს ამ კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებიდან. ასევე, გათვალისწინებულია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურის ინიცირება მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს, რათა უზენაეს სასამართლოში არ შეიქმნას მოსამართლეების ნაკლებობა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული რეკომენდაციების ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ასახული არ არის და საჭიროებს განხილვას.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ 2020 წლის 30 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის.

დატოვე კომენტარი