არჩილ თალაკვაძე - ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის მიმართ მეტ ნდობას მისცემს და მეორე მხრივ, ოპოზიციის დესტრუქციას სათანადო პასუხი გაეცემა
ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის მიმართ მეტ ნდობას მისცემს და მეორე მხრივ, ოპოზიციის დესტრუქციას სათანადო პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა წარადგინა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.
„საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიაზე შევიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და პრაქტიკულად, ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც კონსესუსი იყო პოლიტიკურ სამუშაო ჯგუფში, კანონმდებლობაში ავსახეთ. ვინაიდან, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომ ამ მიმართულებითაც საარჩევნო კანონმდებლობა იყოს უფრო მკაფიო და მკაცრი სანქციები განისაზღვროს. გვჯერა, რომ ერთის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს ეს მისცემს კიდევ უფრო მეტ ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და ასევე, დაასრულებს ოპოზიციის იმ ნაწილის სპეკულაციებს, რომლებიც ერთის მხრივ, მხარს არ უჭერდნენ წარმოდგენილ ცვლილებებს, მათ არ მიიღეს მონაწილეობა ყველაზე მთავარი ცვლილებების მიღებაში და მეორეს მხრივ, პარალელურ პროცესში აგრძელებდნენ, ხელისუფლების და საარჩევნო პროცესის კრიტიკას და დისკრედიტაციას. აქ უპირველესია შევქმნათ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი და მაქსიმალური ნდობა ჩვენ მოქალაქეებსა და საარჩევნო პროცესს შორის. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს სათანადო პასუხი გაეცემა ამ ცვლილებებითაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.