არჩილ თალაკვაძე - უნდა მოინახოს კომპრომისი, რომ სტუდენტების მიერ დაყენებული საკითხი იყოს მათ სასარგებლოდ გადაჭრილი
ვფიქრობ, რომ უნდა გამოიძებნოს სტუდენტებთან კომპრომისი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სტუდენტების საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უნდა მოინახოს მაქსიმალური კომპრომისი, რომ სტუდენტების მიერ დაყენებული საკითხი იყოს გადაჭრილი მათ სასარგებლოდ.
„მეც ვიყავი სტუდენტი და ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სტუდენტისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნდა მოინახოს მაქსიმალური კომპრომისი, რომ სტუდენტების მიერ ეს დაყენებული საკითხი იყოს გადაჭრილი მათ სასარგებლოდ. რაც შეეხება რეზიდენტურას, პროფესიულ განვითარებას და განათლების მიღების შესაძლებლობას, ჩვენ ვაპირებთ 25 პროცენტი ბიუჯეტიდან დავხარჯოთ ამაში მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ისედაც ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯება განათლებაში. თუ საქართველოს აქვს გზა, დაძლიოს სიღარიბე და სწრაფი ინტეგრაცია მოახდინოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს არის შესაძლებელი განათლების გზით. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული, უნდა იყოს იმ ხაზით, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაადვილდეს და ის გახდეს უფრო ხარისხიანი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე, არ მიმაჩნია პრინციპულ თემად გადასახადის დაწესება და ვფიქრობ, რომ უნდა გამოიძებნოს სტუდენტებთან კომპრომისი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რეზიდენტურის გამოცდის საფასურის გაუქმების მოტხოვნით სტუდენტებმა აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.
სამედიცინო მიმართულების სტუდენტებმა და რეზიდენტურის სერთიფიკატის მაძიებელმა პირებმა მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემული ის დადგენილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში [საკვალიფიკაციო] ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ [სასერთიფიკაციო] გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 4 დეკემბერს ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საექიმო საქმიანობის მაძიებლებისთვის საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საფასური განახევრდება. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ღირებულება იქნება 40, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდის – 60 ლარი.