არჩილ თალაკვაძე - ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძის მითითებით დეპუტატებმა რომელიმე კანონპროექტს ხმა მისცეს
ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძის მითითებით დეპუტატებმა რომელიმე კანონპროექტს ხმა მისცეს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ მოუწოდა საერთო „ჩატში“, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კენჭისყრის შედეგები ცხადყოფს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონზე უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა.
„ირაკლი კობახიძემ პირობა შეასრულა, რომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავდა და კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელებდა. დღე უკვე მეორე შეხვედრაა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პირადად ხვდება. მე თვალს დღეს გამართულ დისკუსიას ვადევნებდი და ის ვარაუდი, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მითითებით მისცეს რომელიმე კანონპროექტს ხმა, ეს მართალი არ არის და ელემენტარულად თუ თქვენ
„რაც შეეხება ქალბატონი ნინო ჯანგირაშვილის რეპლიკასა და კომენტარს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დეპუტატებისთვის შეურაცხყოფაა, ვინაიდან მან პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ პარლამენტში არჩეული წარმომადგენლები, მსჯელობისა და განხილვების საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, მექანიკურად იღებენ. ეს ასე არ არის და “ მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულმა დისკუსიამ და უმრავლესობის შიგნით განსხვავებულმა მოსაზრებებმა დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად ასე არ არის. შესაბამისად მე მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები.
ვადევნებდი რა თვალყურს დღევანდელ განხილვას, მე პირადად ეჭვი მიჩნდება, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არა კიდევ ერთი ძლიერი მაუწყებლისა და მედიაპლურალიზმის მომხრეა, არამედ პირიქით, არ სურთ საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამედროვე, ეფექტური და რეიტინგული ტელევიზია იყოს.
რეფორმები, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მიმართულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ჰქონდეთ კონკურენტული ხელფასები, კარგი სამუშაო პირობები, კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ეს ტელევიზია სწრაფი, ეფექტური და რეიტინგული იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ მოუწოდა საერთო „ჩატში“, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.
ჟურნალისტებთან საუბარში ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ლობირებაში დაადანაშაულა.