არჩილ თალაკვაძე - „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯაროდ განხილვა შესაძლოა, ბანკისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რადგან სავარაუდოდ საუბარი იქნება კომერციული საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზეც
კომიტეტის ფორმატში „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვა შესაძლოა, ბანკისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რადგან სავარაუდოდ საუბარი იქნება კომერციული საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგულატორსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მიღებული გადაწყვეტილების ამ ფორმატში განხილვა უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სულისკვეთებასა და პრინციპებს, რაც უნდა არსებობდეს რეგულატორსა და ბანკს შორის.
„ვფიქრობ, ძალიან სერიოზული არგუმენტების შეფასება მოგვიწევს, ვიდრე გადავალთ იმ რეჟიმში, რაზეც არის ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნა. მოყვანილი იყო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი, რომ რეგულატორსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მიღებული გადაწყვეტილების ამ ფორმატში განხილვა უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სულისკვეთებასა და პრინციპებს, რაც უნდა არსებობდეს რეგულატორსა და ბანკს შორის.
მეორე, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა არგუმეტებიც, ვინაიდან აქ საქმე ეხება ქვეყნის ერთ-ერთ სისტემურ ბანკს, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტს. ღია განხილვაში საჭირო არგუმენტაციისთვის საუბარი იქნება ალბათ, მათ შორის ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოს ან ბანკისთვის რაღაც განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, მთლიანად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ ამ ფორმატში განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რისკები ახლავს იმ პრეცედენტს, რომ რეგულატორმა და საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პირდაპირი დისკუსია გამართონ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უშუალოდ რეგულატორსა და საფინანსო ინსტიტუტს უკავშირდება
„ვფიქრობ, რისკები ახლავს იმ პრეცედენტს, რომ რეგულატორმა და საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, დამფუძნებლებმა ან ფიზიკურმა პირებმა პირდაპირი დისკუსია გამართონ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უშუალოდ რეგულატორსა და საფინანსო ინსტიტუტს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ რისკებზე ან პასუხისმგებლობა ავიღოთ ან დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მე გეუბნებით, რომ ამ ფორმატში, ვხედავ რისკს, რომ შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს დამაზიანებელი ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტისთვის.
რაც შეეხება ბატონ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს, ვუდასტურებ მათ ჩემს პატივისცემას და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი კოლეგის, ბატონი კოვზანაძის გუშინდელი განცხადება,რომ არსებობს ღია შეთავაზება. მზადყოფნას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, ამ ადამიანებთან მზად ვართ იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომელიც სურთ, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან განიხილონ და ამისთვის კომიტეტმა უკვე შეთავაზება გააკეთა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა. გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
ოპოზიციონერი დეპუტატები კი მიიჩნევენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ღია ფორმატში უნდა იმსჯელონ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.