არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ ეხმიანება ბრალდებებს უსამართლო სისტემაზე, აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუეა
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტისა და მისი ფუნქციონირების ბლოკირება არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „მაქარაშვილისა და სხვების საქმეზე“ სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ პარლამენტის ბლოკირება, შესასვლელების ჩაკეტვა მიუღებელია და სახელმწიფოს აქვს უფლება, პროპორციულად იმოქმედოს.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტრასბურგის გადაწყვეტილება საყურადღებოა, რადგან სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა დავა და კამათი ამ საკითხზე.
„სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს უჩიოდა პროტესტში მონაწილე სამი ადამიანი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდათ. მათ პოლიციამ შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტისა და მისი ფუნქციონირების ბლოკირება არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს ამ ადამიანების ინტერესები არ დაურღვევია მაშინ, როცა ისინი დააკავეს. ეს გადაწყვეტილება საყურადღებოა, რადგან სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა დავა და კამათი ამ საკითხზე.
ოპოზიციის მცდელობა გვახსოვს, რომ პარლამენტი დაებლოკათ, შემოსასვლელები ჩაეკეტათ. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის მიუღებელი და სახელმწიფოს აქვს უფლება, პროპორციულად იმოქმედოს, შესასვლელები გაათავისუფლოს და ამას არავითარი კავშირი არ აქვს პროტესტის გამოხატვასთან. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ კანონის სრული დაცვით იმოქმედა და ეს სტრასბურგის სასამართლოში დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ ეხმიანება იმ ბრალდებებს, თითქოს უსამართლო სისტემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ეს არის სიცრუე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში დემონსტრაციისას პარლამენტის შესასვლელების სრული ბლოკირება და პოლიციის ძალისხმევის შეფერხება შეიძლება, შეფასდეს დასაგმობ საქციელად. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, გიგა მაქარაშვილსა და ზურაბ ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი პატიმრობის სახით შეეფარდათ არა საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან მათში მონაწილეობისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათ გადაკეტეს გზა პოლიციის მცდელობისას, გაეხსნა გასასვლელი პარლამენტის შენობისკენ.
ამასთან, რაც შეეხება კიდევ ერთ მოსარჩელეს, კაჭარავას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.