არჩილ თალაკვაძე - სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციები საჭირო და აუცილებელია
საზოგადოებისთვის მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით მედიით, მიუღებელია ქსენოფობია და ის აგრესიული შინაარსი, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნებზე ძალიან დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენდეს, – განაცხადა „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონკრეტული რეგულაციების მიღება.
თალაკვაძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაში ერთ-ერთი რეკომენდაცია არის, რომ სიძულვილის ენა და ქსენოფობიის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობითაც დარეგულირდეს.
„ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სიძულვილის ენას, ქსენოფობიას და ამ სტანდარტის შექმნას მედიაში, ვინაიდან მედია არის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია, როგორც არასრულწლოვნები, ისე ზოგადად საზოგადოება უნდა იყოს დაცული ამ ტიპის მედია შინაარსისგან, რაც არაერთი არჩევნების დროს ვნახეთ ოპოზიციის კლიპებსა და რეკლამებში” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ნურავის ექნება მცდელობა ეს თემა გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშიროს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება იქნება. არანაირად ჩვენს კონვენციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში არ მოვალთ, როდესაც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციებს მივიღებთ. ეს არის საჭირო და ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მოქმედი კნონმდებლობა ისეთ სენსიტიურ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა, არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს. ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თვითრეგულირების ორგანოებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამოა ევროდირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.
კომისია მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს.
აღნიშნული საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. მან განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.
ამასთან, როგორც საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.