არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით თავისი განცხადებით, პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და დესტრუქციულ კამპანიას
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადებით, „ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და დესტრუქციულ კამპანიას“.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა პირდაპირ უპასუხა მათ, როგორი არგუმენტები აქვს შეწყალებასთან დაკავშირებით.
არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ პრეზიდენტზე ზეწოლა განაგრძოს.
„შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა რადიკალურ ოპოზიციას, მათ პარტნიორებსა და კამპანიას, რომელსაც თვეების განმავლობაში ეს ადამიანები წარმართავდნენ, პირდაპირ მიუთითებდნენ და ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პრეზიდენტზე, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ უპასუხა, რა არის მისი არგუმენტები შეწყალებასთან დაკავშირებით. აქამდეც ჰქონდა გაკეთებული განცხადება, თუმცა ახლა კიდევ მეტი თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ის ვერ ხედავს, როგორც საშუალებას, მიღწეული იყოს მიზანი, რომელზეც კამპანია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ვფიქრობ, ამით საკითხი უნდა ამოიწუროს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რადიკალურმა ოპოზიციამ მასთან დაკავშირებული მედიითა და სატელიტებით კიდევ გააგრძელოს ზეწოლა პრეზიდენტზე.
არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს და ამას ვერ აკეთებს. წარსულშიც მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს, ასევე განმარტა, რატომ არ აპირებს. დღეს კიდევ მეტი თქვა პრეზიდენტმა, როდესაც განაცხადა, რომ სამართლებრივადაც ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ამის უკან არანაირი აზრი არ არსებობს. ვიმეორებ, პრეზიდენტმა ამ განცხადებით ცივი წყალი გადაასხა დესტრუქციულ კამპანიას და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც სატელიტებთან ერთად აწარმოებდნენ უკიდურესად დამაზიანებელ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს და მის ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყო განკუთვნილი, არამედ პირდაპირ მუშაობს სააკაშვილის ჯანმრთელობის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის გარემოცვა ფოკუსირებული უნდა იყოს, სააკაშვილმა კვების სრულფასოვანი რეჟიმი აღადგინოს და ექიმებთან ითანამშრომლოს.
„რაც შეეხება გამოსავალს, დღეს გამოსავალი არის ერთი, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახი, ექიმები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, ვინც საჭიროა, იყოს ჩართული, კონცენტრირდნენ და ფოკუსირებული იყვნენ ერთ ამოცანაზე, სააკაშვილმა კვების სრულფასოვანი რეჟიმი აღადგინოს და ითანამშრომლოს ექიმებთან, რათა მიღწეული იყოს ის მიზნები, რასაც საჯარო განცხადებებში ითხოვს ისევ და ისევ თვითონ და მისი ადვოკატები გარემოცვასთან ერთად. ეს არის მთავარი ამოცანა. უნდა მოხდეს ამ საკითხის დეპოლიტიზაცია. ამაში პირდაპირ შემიძლია დავადანაშაულო მისი გარემოცვა და ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიის სათავეში იდგნენ. კამპანია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დასაზიანებლად წარმართავდნენ, ასევე მიმართულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის წინააღმდეგ. თავად ის ფაქტი, ერთ-ერთ კონტრაქტში რომ გამოჩნდა, მილიონ დოლარამდე აქვს გადახდილი ოჯახს არა ექიმებისთვის, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა სამედიცინო პროფილის პროფესიონალების ჩასართავად, არამედ მარკეტინგში, პიარკომუნიკაციებსა და საქართველოს საზიანო სარეკლამო კამპანიაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი რეალური ინტერესია არა სააკაშვილის გამოჯანმრთელება, არამედ პოლიტიკური მიზნები. მათ არჩეული აქვთ არასწორი სტრატეგია, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობას აზიანებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია“.
თალაკვაძის თქმით, დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკუსია, თუნდაც კრიტიკული განცხადებები მუქარას არ ნიშნავს.
„პირდაპირ და ნათლად უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის დისკუსია, თუნდაც კრიტიკული განცხადებები არანაირ მუქარას და ზეწოლას არ ნიშნავს. ქალბატონ პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ კანონებზე მიიღო პარლამენტმა და არაერთხელ გაუკრიტიკებია პარლამენტიც. ამიტომ ეს მუქარად ნამდვილად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.